ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"ბათუმელების" ოპერატორ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

გამოცემა "ბათუმელების" ოპერატორ გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. "ბათუმელების" ცნობით, გადაწყვეტილება რეჟიმის მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

მურვანიძე რეჟიმის სამართალდამცავებმა 12 ივნისს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, აქციის გაშუქების დროს დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების მომენტში მურვანიძე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. 

ოპერატორის ადვოკატმა გუშინ, 13 იანვარს განაცხადა, რომ მურვანიძე 12 იანვარს აქციაზე აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს

"გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, "ვინ იღებს".

ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ "ბათუმელებიდან" იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი". - წერს გამოცემა.

ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებული მურვანიძე ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი ნივთის (მობილური ტელეფონის) წართმევის ფაქტზეც.

"გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც.

ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ". - წერს გამოცემა. 

ცნობისთვის, 12 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე რეჟიმის სამართალდამცავებმა 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესის 166-ე 173-ე მუხლებით დააკავეს. 

კომენტარები