გამოცემა ბათუმელების ოპერატორის, გურამ მურვანიძის ადვოკატის, მირზა მამულაძის თქმით, მურვანიძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ 12 იანვარს ის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.
"გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, "ვინ იღებს".
ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ "ბათუმელებიდან" იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი". - წერს გამოცემა.
ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებული მურვანიძე ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი ნივთის (მობილური ტელეფონის) წართმევის ფაქტზეც.
"გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც.
ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ". - წერს გამოცემა
გამოცემის თქმით, მურვანიძე ამ დროისთვის ფოთის იზოლატორშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, 11 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე, ბათუმში პოლიციამ გამოცემა ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელიც დააკავა.
ასევე, 12 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი (შუშანა მაცაბერიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, ლუკა ნაცვლიშვილი, და გიორგი კაკალაძე) ადმინისტრაციული წესის 166-ე 173-ე მუხლებით დააკავა.