იაპონია, ფილიპინები და აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამი ქვეყნის ლიდერებს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.
ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს ჯუნიორის კომუნიკაციების სამსახურის ინფორმაციით, ლიდერები "ეკონომიკური, საზღვაო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ".
მარკოს ჯუნიორი, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა 2024 წლის აპრილში, ვაშინგტონში გამართეს სამიტი, სადაც რეგიონის სტაბილურობა და საერთაშორისო სამართლის დაცვა განიხილეს. სახელმწიფოებს შორის ეს შეთანხმებაც სწორედ ამ სამიტის გაგრძელებაა.
თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ლიდერებმა განიხილეს ჩინეთის "სახიფათო და არაკანონიერი ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში" და რეგიონში საერთო კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ უხსენებია ჩინეთი, თუმცა, ნათქვამია, რომ აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერები ეწინააღმდეგებიან "სტატუს-კვოს ძალის გამოყენებით შეცვლის ცალმხრივ მდელობებს" აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში.
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბოლო პერიოდში მწვავდება. ფილიპინების ხელისუფლება მომხდარ არაერთ ინციდენტს ჩინეთის მხრიდან "აგრესიული, არაპროფესიონალურს და არალეგალურს" ქმედებებს უწოდებს.
ჩინეთი მისი ცნობილი "10-პუნქტიანი ხაზით" თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ.