"Reuters"-ის მიერ მოპოვებულმა სატელიტურმა სურათებმა აჩვენეს, რომ ჩინეთმა ამ კვირაში ორი H-6 ტიპის შორი მანძილის ბომბდამშენი განათავსა სკარბოროს მეჩეჩთან, რაც პეკინის მხრიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო საზღვაო ერთეულებზე სუვერენიტეტის დასამტკიცებლად მორიგი ნაბიჯია.
ჩინეთის ამ მოქმედებას, რომელიც საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, წინ უსწრებდა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, ვიზიტი ფილიპინებში. სკარბოროს რიფი ფილიპინების ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) 200 საზღვაო მილის ფარგლებში მდებარეობს, რის გამოც მანილაც აცხადებს მასზე პრეტენზიას.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ "Reuters"-ის კითხვებს ამ განლაგების მასშტაბზე ან ჰეგსეთის ვიზიტთან შესაძლო კავშირზე არ უპასუხა.
ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმაც არ გააკეთეს კომენტარი.
28 მარტს მანილაში ვიზიტის დროს, ჰეგსეთმა კვლავ დაადასტურა აშშ-ს "მტკიცე ვალდებულება" ფილიპინებთან ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
ბოლო წლებში, სკარბოროს მეჩეჩის შესასვლელთან ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდებს ხშირად ფილიპინელ მეთევზეებთან შეტაკებები გახშირებულია. პეკინი პერიოდულად ცდილობს, ფილიპინელებისთვის მეჩეჩთან წვდომა დაბლოკოს მას შემდეგ, რაც მასზე 2012 წელს დე ფაქტო კონტროლი დაამყარა.
გასულ თვეს, ფილიპინების სანაპირო დაცვამ ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დაადანაშაულა, რომ მათ სკარბოროს მეჩეჩის მახლობლად სახიფათო მანევრები განახორციელეს.
ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა პეკინმა ეს გადაწყვეტილება უარყო.