სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ფილიპინები: ჩინეთს სენდი ქეის კუნძულზე კონტროლი არ დაუმყარებია

ფილიპინები ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთი სადაო კუნძული, სენდი ქი, დაიკავა. 

ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონათან მალაიას თქმით, ამჟამად, კუნძულზე ჩინეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები არ იმყოფებიან და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "უპასუხისმგებლოს" უწოდა.

ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა, ჯეი ტარიელამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, 27 აპრილს, სენდის ქის ტერიტორიაზე "რუტინული და კანონიერ საფუძველზე განხორციელებული საზღვაო ობიექტის დაზვერვისა და იურისდიქციის აღსრულების ოპერაცია ჩაატარეს".

მან აღნიშნა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას ამ რაიონში სულ მცირე შვიდი ჩინური გემი იმყოფებოდა. ასევე, ტარიელამ გაავრცელა ფოტოები, სადაც კუნძულზე, ჩინელი სანაპიროს დაცვის წევრების მსგავსად, ფილიპინელებიც საკუთარ დროშას შლიან.

ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ კუნძულზე უკანონოდ მყოფი ფილიპინელები ტერიტორიიდან "გააძევა".

Financial Times-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სენდი ქი მხოლოდ დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ზომის ქვიშიანი კუნძულია, მას ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთაშორისო სამართალი მას კუნძულის გარშემო 12 საზღვაო მილის რადიუსის კონტროლის უფლებას ანიჭებს. ამ რადიუსში ექცევა ფილიპინების მიერ კონტროლირებული თიტუს კუნძული, საიდანაც ფილიპინები რეგიონში ჩინეთის გადაადგილებებს აკვირდებიან. 

26 აპრილს, ჩინეთის სამხედრო საზოგადოებრივმა მაუწყებლმა, CCTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე თვეში ჩინეთის სანაპირო დაცვამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე, სენდი ქიზე კონტროლი დაამყარა.

CCTV-ის ცნობით, სანაპირო დაცვის ოფიცრებმა გაშალეს ჩინეთის დროშა, რათა გამოეცხადებინათ სუვერენიტეტი სენდი ქის კუნძულზე, რომელიც სპრატლის კუნძულების არქიპელაგში შედის.

კომენტარები