ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი – მედიაკოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოცემა ბათუმელების დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მის და სხვა უკანონოდ დაკავებულ პირების გათავისუფლებას მოითხოვს.

მედიაკოალიცია წერს, რომ მმართველი პარტია მედიის წარმომადგენლების საქმიანობის შეზღუდვას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებს, სანამ მოძალადეების მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მედიის წარმომადგენელი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს ათამდე სხვა მოქალაქესთან ერთად უკანონოდ დააკავეს. 

გარდა ამისა, მედიაკოალიცია აღნიშნავს, რომ კედელზე წარწერის "იფიცება საქართველო"-ს გაკვრა, რის გამოც ამაღლობელი დააკავეს, გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმური ფორმა არის.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მედიის წარმომადგენლის დაკავება მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათამდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ დაკავების საფუძველი - კედელზე წარწერის „იფიცება საქართველო" განთავსება - წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფორმას.

კოალიცია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ასევე, სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრები.

ამაღლობელი პირველად პოლიციამ კედელზე სტიკერის გაკვრის გამო რამდენიმე საათის წინ დააკავა. 

მოგვიანებით, ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს. 

კომენტარები