აშშ-ვენესუელა

აშშ-მ ვენესუელის ავტოკრატი ლიდერის, მადუროს დაკავებაზე $25-მილიონიანი ჯილდო გამოაცხადა

ნიკოლას მადურო
Carlos Garcia Rawlins/Reuters

აშშ-მ $25-მილიონიანი ჯილდო გამოაცხადა ინფორმაციისთვის, რომელსაც ვენესუელის ავტოკრატი მმართველის, ნიკოლას მადუროს, დაკავება მოჰყვება. ამავე დღეს ვენესუელაში მადუროს ინაუგურაცია გაიმართა. იგი ქვეყნის პრეზიდენტი რიგით მესამე ექვსწლიანი ვადით იქნება.

ამასთანავე, ახალი სანქციები შეეხო ვენესუელის სამთავრობო ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელსა და ქვეყნის ტრანსპორტირების მინისტრს.

ამას გარდა, აშშ-მ ჯილდო გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოზე ისეთი სახის ინფორმაციისთვის, რომელსაც მისი დაკავება და გასამართლება მოჰყვება.

აშშ-ს გარდა, ვენესუელის 15 მოწინავე მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოსამართლეებს, უსაფრთხოების ძალების წევრებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომაც.

ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც, რომლის ფარგლებშიც ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს, სასამართლოსა და უსაფრთხოების ძალების დამატებით 15 წევრი დასანქცირდა.


2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.

ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა. ამის გამო, მადუროს რეჟიმის სასამართლომ ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერიც გასცა. 

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. 

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები