ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ომბუდსმენი: არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებები გამოძიებისას დაუშვებელია

სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს მიერ ბლოგერისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა. სახლში საგამოძიებო მოქმედებებისას ხარხელის არასრულწლოვანი შვილი იყო ჩაკეტილი, რომელსაც სამართალდამცავები ბიძის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ომბუდსმენის განცხადებით, "ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება". 

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აპარატი შეისწავლის ზემოხსენებულ ფაქტს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში.

ცნობისთვის, დღეს, 3 დეკემბერს აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. ინფორმაცია ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა გაავრცელა.

ხარხელი არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ხარხელის ადვოკატის თქმით, შსს-მ ბლოგერის სახლში ჩხრეკა ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადვოკატისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 157-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. 

ადვოკატის ცნობით, შსს არ აკონკრეტებს მიზეზს, თუ რატომ დაიწყეს ჩხრეკა ხარხელის სახლში და რა მიზნით ამოიღეს ბლოგერის პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები და სხვა. 

"ფორმალური მიზეზი მოიყვანეს რაღაც - შემდგომში რომ არ განადგურდეს მტკიცებულებებიო, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე თვეა". - აღნიშნა ადვოკატმა. 

თავად ხარხელის თქმით, რეჟიმი ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც ხმას იღებს.

"ყველაფერი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არის ერთადერთ რამესთან კავშირში, ნებისმიერი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც ახლა მიდის ქუჩაში და რაც ახლა მიდის საერთაშორისო მედიის მიმართულებით.

ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ეს დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი სტატუსი და დააშინოს ყველა, ვინც საერთოდ ხმას იღებს. აზრი არ აქვს რა ეწერება ნებისმიერ ოქმში, ყველაფრის მიზეზი არის ერთი - ქუჩაში რომ გვაჩერებს პოლიციელი გზის გადაკვეთაზე, მაგის მიზეზიც არის ერთადერთი - ეს მიზეზი არის რუსეთი" - ამბობს ხარხელი.

კომენტარები