აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის ადვოკატი ამბობს, რომ შსს-მ ხარხელის სახლში ჩხრეკა ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადვოკატისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 157-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
"გამოძიება მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა 157-ე მუხლით. ახალი გამოძიება არ არის, ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა და 2 ადამიანის პირადი ნივთები ამოიღეს - ტექნიკა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები და ლეპტოპები". - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის ცნობით, შსს არ აკონკრეტებს მიზეზს, თუ რატომ დაიწყეს ჩხრეკა ხარხელის სახლში და რა მიზნით ამოიღეს ბლოგერის პირადი ნივთები.
"რამდენიმე თვის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ჩხრეკა ჩაატარეს გადაუდებელი აუცილებლობით. არ ასაბუთებენ მიზეზს. ფორმალური მიზეზი მოიყვანეს რაღაც - შემდგომში რომ არ განადგურდეს მტკიცებულებებიო, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე თვეა". - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დღეს, 3 დეკემბერს აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. ინფორმაცია ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა გაავრცელა.
ხარხელი არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.