აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლი სამართალდამცველებმა დატოვეს. მისი თქმით, ჩხრეკისას წაიღეს "ყველაფერი" - მათ შორის, "დავიწყებული ფლეშკები", ძველი და ახალი მობილური ტელეფონები და სამუშაო ლეპტოპები.
ხარხელი ამბობს, რომ 3 წლის შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, რის შემდეგაც, მასთან რამდენიმე მამაკაცი მივიდა და დააკავა. აქტივისტის თქმით, რეჟიმი ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც ხმას იღებს.
"ყველაფერი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არის ერთადერთ რამესთან კავშირში, ნებისმიერი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც ახლა მიდის ქუჩაში და რაც ახლა მიდის საერთაშორისო მედიის მიმართულებით.
ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ეს დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი სტატუსი და დააშინოს ყველა, ვინც საერთოდ ხმას იღებს. აზრი არ აქვს რა ეწერება ნებისმიერ ოქმში, ყველაფრის მიზეზი არის ერთი - ქუჩაში რომ გვაჩერებს პოლიციელი გზის გადაკვეთაზე, მაგის მიზეზიც არის ერთადერთი - ეს მიზეზი არის რუსეთი" - ამბობს ხარხელი.
აქტივისტის თქმით, დაკავებისას მას LIVE-ს ჩართვა სურდა, თუმცა, ტელეფონი წაართვეს და"ხელებიც "ძალადობრივად" გადაუგრიხეს.
"მერე დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ ლაივი ჩაერთოდ. საბედნიეროდ, ჩართეს ლაივი ჩემს ზემოთ და ბაღმაც ირეაგირა, რომ თქვენამდე მოსულიყო ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ, ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად - იქაც, აქაც რომ მოვედით, ჩხრეკის პროცესიც, ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა არ მაქვს დაზიანებები, არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, ბევრი კამერის წინ. ერთადერთი დაცვა, რაც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს ახლა, არის მაქსიმალური საჯაროობა" - ამბობს ხარხელი.
აქტივისტის ადვოკატი ამბობს, რომ შსს-მ ხარხელის სახლში ჩხრეკა ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადვოკატისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 157-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
"ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა და 2 ადამიანის პირადი ნივთები ამოიღეს - ტექნიკა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათები და ლეპტოპები". - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ შსს არ აკონკრეტებს მიზეზს, თუ რატომ დაიწყეს ჩხრეკა ხარხელის სახლში და რა მიზნით ამოიღეს ბლოგერის პირადი ნივთები.
"რამდენიმე თვის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ჩხრეკა ჩაატარეს გადაუდებელი აუცილებლობით. არ ასაბუთებენ მიზეზს. ფორმალური მიზეზი მოიყვანეს რაღაც - შემდგომში რომ არ განადგურდეს მტკიცებულებებიო, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე თვეა". - ამბობს ადვოკატი.
დოდი ხარხელის ყოფილი ქმარი, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე მაისში დააკავეს - სწორედ მას ედავება პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას. აბაშიძეს ექვს თვეზე მეტია, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.