ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია თანამდებობიდან გადადგა.
ინფორმაციას და გადადგომის წერილს სოციალურ ქსელში სოლომონიას და, ნინო სოლომონია აქვეყნებს.
"საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას". - ნათქვამია გადადგომის წერილში.
29 ნოემბერს თანამდებობა დატოვა ბულგარეთში საქართველოს ელჩმაც. ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ X-ზე დაწერა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმი მომიტინგეები ისევ დაარბია.





