EU-ზე განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს – განათლების სამინისტროს თანამშრომლები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელსაც, ამ წუთებში,  სამინისტროს 156 თანამშრომელი აწერს ხელს. 

განცხადებას გთავაზობთ სრულად: 

"ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს  შენება-გაძლიერება.

ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება  ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი" – წერია განცხადებაში

 

ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

 

კომენტარები