თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ, დღეს, 22 ნოემბერს გამთენიისას დაცვის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლებთან ერთად, უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) "ტიტუშკებიც" იყვნენ.
ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონის დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის თქმით, დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირების დროს 3 სტუდენტი შეუძლოდ გახდა.
"აუდიტორიიდან ცხვირი არ გამოყოთო, მხოლოდ საპირფარეშოში თუ გახვალთო. ამის გასაპროტესტებლად, გადავწყვიტეთ, რომ გავსულიყავით და რაღაც ლოკაციებზე დავმდგარიყავით უბრალოდ. მოვარდნენ და ფიზიკური შეხება დაიწყეს. დაგვიზარალდა ორი გოგო და ერთი ბიჭი, ერთს დაემართა ემოციური შოკი, მეორე გოგო წააქციეს და წიხლები ურტყეს, ხოლო ბიჭს დაემართა ასთმის შეტევა, წაიქცა და თავი დაარტყა". - თქვა ცეცხლაძემ მთავარ არხთან საუბრისას.





