თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს რექტორის ნაშრომში პლაგიატი დადასტურდა - იაგო კაჭკაჭიშვილი ილიაუნის წერილს აქვეყნებს

გიორგი შარვაშიძე
mkhare.ge

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის ცნობით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატია.

კაჭკაჭიშვილი Facebook-ზე წერს, რომ ილიას უნივერსიტეტიდან წერილი მიიღო, რომელიც ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია:

"გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის ("სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები", ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას".

ეს წერილი კაჭკაჭშვილმა მისი მოთხოვნის შემდეგ მიიღო. პროფესორმა უნივერსიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც გასულ წელს "თავისუფლების მონიტორმა" მოიძია დოკუმენტები, რომლებიც თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელდა.

საუბარია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ 2002 წელს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ბროშურაზე სახელწოდებით "საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები". საგამოძიებო სიუჟეტში ამბობენ, რომ 140 გვერდიან დისერტაციაში 40 გვერდი სწორედ ამ ბროშურიდან არის სიტყვა-სიტყვით გადატანილი. ბროშურის შექმნაში 15 ქართველი და ევროპელი ექსპერტი მონაწილეობდა, ექსპერტთა ჯგუფს კი თავად გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობდა.

იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ნაშრომების შემოწმება სთხოვა, რაც პროგრამა Turniti-ის გამოყენებით შეამოწმეს და დასკვნა მოამზადეს.

როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, დისერტაცია თავად შარვაშიძემაც "ცალკეული პროფესორების მონაწილეობით" ანტიპლაგიატის პროგრამაში გაატარა, თუმცა შესადარებლად ზემოთაღნიშნული ბროშურა თან არ დაურთავს.

"ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა. თსუ-ს რექტორმაც აკადემიურ საბჭოზე სასწრაფოდ გაიტანა საკითხი მისი უცოდველობის შესახებ," - წერს კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, შარვაშიძემ კიდევ ერთი "არგუმენტი" მოიხმო, რომ ეს 40 გვერდი პარლამენტის დადგენილებიდან არის და დადგენილებას ციტირება არ ეხება.

იხილეთ კაჭკაჭიშვილის Facebook პოსტი ვრცლად.

რექტორის პლაგიატის შესახებ პოზიციის გასარკვევად ტაბულა თსუ-ს დაუკავშირდა, უნივრსიტეტში კომენტარის გაკეთებას უახლოეს ხანებში გეგმავენ.

გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს. მან ლადო პაპავა ჩაანაცვლა. 2013 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე შარვაშიძე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თანამდებობას ის 1989-1990 წლებშიც იკავებდა.

კომენტარები