თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შარვაშიძის ნაშრომზე: პლაგიატი არ დადასტურდა

"ცხადია, ჩვენც დავინტერესდით და გამოვიყენეთ ანტი-პლაგიატის პროგრამა (Turniitin), ამ პროგრამით შევამოწმეთ ბატონი რექტორის დისერტაცია. პროგრამამ ამოაგდო დასკვნა, აჩვენა თანხვედრები [...] ეს თანხვედრა ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო პლაგიატად", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროგრამა შესაძლო პლაგიატს, ტექსტებს შორის თანხვედრას აღმოაჩენს, შესამოწმებელ ტექსტს შემდგომ სპეციალისტები სწავლობენ. როგორც ხუციშვილი ამბობს, იგი ერთ-ერთია, რომელმაც ეს ტექსტი ნახა.

"არ ვიცი რა ბროშურაზეა საუბარი, Turniitin-ის პროგრამამ აჩვენა საკანონმდებლო დადგენილება მხოლოდ", - ასე უპასუხა თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ 2002 წელს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ბროშურა გამოყენებული.

"არ ყოფილა, Turniitin-ის პროგრამამ აჩვენა 8%-იანი თანხვედრა ტექსტთან", - ასე პასუხობს კითხვას ხუციშვილი, თუ რატომ არ ემთხვევა თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ შემოწმებულ დისერტაციაში აღმოჩენილი პლაგიატის პროცენტული მაჩვენებელი. [ილიას უნივერსიტეტის მიხედვით, შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.]

კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ხუციშვილი განმარტავს, რომ პლაგიატი არ დადგენილა, შესაბამისად დაკავებული თანამდებობის დატოვებაზე საუბარი ვერ იქნება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის ცნობით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატია.

თუ რას წერს კაჭკაჭიშვილი გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესახებ, ვცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები