თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია იქნება – ის ერთადერთი კანდიდატი იყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო, მათგან სამუშიას კანდიდატურას მხარი 28-მ დაუჭირა. 

სამუშია რექტორის მოვალეობას, მაქსიმუმ, 6 თვით შეასრულებს. 

არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა - სტუდენტები ჯაბა სამუშიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ, ასევე, მათი შეფასებით, არჩევის პროცესი სანდო და გამჭვირვალე არ არის. სტუდენტები ასევე ამბობდნენ, რომ 1 ადამიანის მონაწილეობის გამო არჩევნები წესის დარღვევით ჩატარდა. მათივე მოთხოვნით, თსუ-ში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და მასში მონაწილეობა არა მხოლოდ აკადემიურმა საბჭომ, არამედ აკადემიურმა პერსონალმა უნდა მიიღოს.  

თსუ-ს რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 7 ოქტომბერს გიორგი შარვაშიძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.  

ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ის ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლიდან ის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორია. 

კომენტარები