თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი შარვაშიძე: აკადემიურ საბჭოს თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან გადადგომაზე მივმართე

გიორგი შარვაშიძე
mkhare.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე წერს, რომ დღეს, 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით მიმართა.  

"დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.

დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად". - წერს ის სოციალურ ქსელში. 

გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს. მან ლადო პაპავა ჩაანაცვლა. 2013 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე შარვაშიძე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თანამდებობას ის 1989-1990 წლებშიც იკავებდა. 

2020 წლის იანვარში სოციოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია. თავად უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი უარყო

კომენტარები