სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 025.3 მლნ. მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 5 468.4 მლნ დოლარია (+7.4%), ხოლო იმპორტი - 13 556.9 მლნ დოლარი (+4.8%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 088.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9% იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია - ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611.0 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულშია: თურქეთი (2 219.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 596.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 636.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 061.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 728.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 000.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.6 პროცენტია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 310.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - სპირტიანი სასმელები 242 მლნ. აშშ დოლარით (4.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 2 718.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 090.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 513.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8 პროცენტი).






