Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა

ბანკი კანონის შესაბამისად მოქმედებს - TBC გელავასა და ბუზიაშვილის გაჩერებულ ანგარიშებზე

TBC ბანკი Atlantic Council-ის (ატლანტიკური საბჭო) თანამშრომლების, სოფო გელევასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ბარათებისა და ანგარიშების გაჩერების ფაქტს გამოეხმაურა. TBC-ის თქმით, "ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს". 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი ჰქონდა თიბისი ბანკის მომხმარებლების მიმართ მომსახურების შეფერხებას. განვმარტავთ, რომ ბანკი მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, მათ შორის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად". - განაცხადა TBC ბანკმა. 

დღეს, 29 ოქტომბერს სოფო გელავას მეუღლემ, გიორგი ნონიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელავასა და ბუზიაშვილს საკუთარ საბანკო (TBC და საქართველოს ბანკის) ანგარიშებზე წვდომა აღარ ჰქონდათ. 

"ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა; ასე გავიგეთ ახალი ამბავი - მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია.

აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.

ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ.

ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.

გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ.

თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ "ბესპრედელის" გამო (ქვეყნის გარეთაც) - გავაგებინებთ". - წერს პარტია ფედერალისტების წევრი და სოფო გელავას მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე.  

24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია Atlantic Council-ის მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. მათი სახლებიდან წაიღეს პერსონალური კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. გელავას სახლიდან წაიღეს მისი მეუღლის, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპი და მათი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპიც. ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით ჩატარდა.

ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის"  მკვლევრები არიან. 

კომენტარები