აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების გაჩხრეკას ეხმაურება. კელის აზრით, ჩხრეკებით "ვიღაც მიანიშნებს", რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აკრძალვის მუქარები შესრულდება.
"ორივე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] ძალიან დაფასებულია საქართველოში რუსეთის მავნე გავლენასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მუქარებს შეასრულებს". - წერს კელი X-ზე.
- სად და რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია? რა ვიცით ამ დროისთვის
- მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ, შემოვარდნენ და დაიწყეს ჩხრეკა - ბუზიაშვილი
დღეს დილიდან ფინანსური პოლიცია სხვადასხვა ადამიანის სახლებს ჩხრეკს. მათ შორის, საგამოძიებო სამსახური შევიდა Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.
ამასთან ერთად, სთენდაფერი ონისე ცხადაძე Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ფართი, რომელიც მას და მის ძმას აქვთ ნაქირავები. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელეფონი. ცხადაძე მუშაობს კომპანია Concentrix-ში, რომელიც კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი.
კიდევ ერთი პირი, ვისი სახლიც გაჩხრიკეს, არის ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით არის ჩამოსული.
- დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს - კობახიძე ჩხრეკებზე
- TV იმედი ამბობს, რომ ჩხრეკები ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და კეზერაშვილს უკავშირდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, "სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები".
"მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.
ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.





