Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა

უილსონი: გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშების გაყინვა სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმაა

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას, საკუთარ საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქალბატონი ბუზიაშვილისა და ქალბატონი გელავას ბანკის ანგარიშები გაყინა, ყველანაირი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს ბრძანების გარეშე". - წერს უილსონი.

მისი თქმით, "ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან პირდაპირი თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებაზე. მე ასევე მჯერა, რომ ეს თავდასხმაა აშშ-ს ინსტიტუტზე, რომელიც მათი დამსაქმებელია".

"თუკი ეს მომავალ მოვლენებზე მიანიშნებს, აშკარაა, რომ ქართული ოცნების მთავრობა სწრაფად ეშვება რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ საშუალება უნდა მისცეს მკვლევრებს, საკუთარი სამუშაო შურისძიების შიშის გარეშე შეასრულონ. ჩვენი MEGOBARI აქტი საქართველოში დასჯის მათ, ვინც კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს". - წერია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.

24 ოქტომბერს Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას, სახლები გაჩხრიკეს. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.

მოგვიანებით, 29 ოქტომბერს, სოფო გელავას მეუღლემ, გიორგი ნონიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელავასა და ბუზიაშვილს საკუთარ საბანკო (TBC და საქართველოს ბანკის) ანგარიშებზე წვდომა აღარ ჰქონდათ.

ბუზიაშვილისა და გელავას საბაკო ბარათებისა და ანგარიშების გაჩერების ფაქტს TBC ბანკი 29 ოქტომბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  "ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს".

კომენტარები