პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში "მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები" იგეგმება. ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს შეეხებათ, პრემიერის თქმით, ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმია, რაც პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, აიყვანოს ექიმი, ექთანი, აირჩიოს პალატა, სახარჯი მასალა და ა.შ. კობახიძის განმარტებით, ახალი მექანიზმის მიხედვით, მოქალაქე სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით გადაიხდის მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურს.
"ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში. მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე“ - ამბობს კობახიძე.
პრემიერმინისტრის თქმითვე, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები.
"მინისტრის ბრძანებით დადგინდება ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე შესაბამისი კლინიკების ინტერესებზე" - თქვა კობახიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ცვლილებები, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ამოქმედდება.
"უშუალოდ ქირურგიული პროცედურების დროს გამოყენებულ მასალებს, იქნება ეს სტენდი თუ სხვა რამ, რომელიც, შესაძლოა, სურვილი ჰქონდა პაციენტს, გამოეყენებინა, ამის შესაძლებლობა იქნება წლის ბოლოდანვე. [...] გამონაკლისი არ იქნება არც სამშობიაროები, იქაც მსგავსი შესაძლებლობა გაჩნდება. აქ მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ საკუთრივ სექტორთან" - თქვა სარჯველაძემ.
პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადების "რადიკალურად" შემცირებაზე.
„ეს იყო ერთერთი პრობლემური საკითხი, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს" - თქვა კობახიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღეა განსაზღვრული პერიოდი, როდესაც კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს. პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი შემცირდება 45 დღემდე.
კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელზეც პრემიერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას ისაუბრა, კოვიდ პანდემიის დროს დაჯარიმებული კლინიკების 20 %-იანი გადახდის პირობებში, ჯარიმისაგან სრულად გათავისუფლებაა. კობახიძემ თქვა, რომ შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები უახლოეს მომავალში დაინიცირდება.




