ჯანდაცვის სისტემა

რა იცვლება უცხოეთში 6 თვეზე მეტი ვადით მყოფებისთვის საყოველთაო ჯანდაცვაში - განმარტება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცვლილებაზე რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეზე მეტხანს უწყვეტად იქნებიან საზღვარგარეთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია შეუჩერდებათ, არ შეესაბამება სიმართლეს.

ივანიშვილის უწყების ცნობით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიულ მიმართულებას და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეს საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუძლია დარეგისტრირდეს ამბოლატორიულ დაწესებულებაში.

უწყებაში ასევე დასძენენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებას, ბენეფიციარების ინტერესების დაცვასა და საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე." - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები