ჯანდაცვის სისტემა

საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტხანს ყოფნისას, ამბულატორიულ ნაწილში სახელმწიფო დაზღვევა შეჩერდება

მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეზე მეტ ხანს იქნებიან საზღვარგარეთ, ამბულატორიულ ნაწილში საყოველთაო ჯანდაცვა შეუჩერდებათ - ამის შესახებ ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრძანება 31 დეკემბერს გამოსცა. 

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება 1 იანვრიდან ამოქმედდა და შესაბამისად, მათზე გავრცელდება, ვინც 2026 წლის 1 იანვრიდან 6 თვე ან მეტი საქართველოში არ ჩამოვა.

"2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად." - წერია სარჯველაძის ბრძანებაში.

თავდაპირველად, მასალა არასწორი ინტერპრეტაციით იყო გავრცელებული, რომ ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის ყველა კომპონტეტს ეხებოდა და საზღვარგარეთ 6 თვით მყოფებს დაზღვევის ყველა სერვისი უწყდებოდათ. დაზუსტების შემდეგ, მასალაში მითითებულია, რომ ცვლილებები მხოლოდ ამბულატორიულ ნაწილს შეეხება. ტაბულა ბოდიშს უხდის მკითხველს არასწორი ინფორმაციისთვის.

კომენტარები