კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან გაქცეული 18 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი რუსულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქის კომარიჩსკის რაიონში დააკავეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას KyivPost უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაახლოებით 40 ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ინსტრუქტორი და 50-მდე რუსი სამხედრო კურსკის ოლქის ხომუტოვსკის რაიონში, კოლიაჩეკის მახლობლად მდებარე ტყეში იყო განლაგებული. როგორც KyivPost წერს, რუსი და ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ერთმანეთს სამხედრო გამოცდილებას უზიარებდნენ.
სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთკორეელი სამხედროები კოლიაჩეკის მახლობლად მდებარე ტყეში რამდენი დღე სამომავლო გეგმების შესახებ ყოველგვარი მითითებებისა და საკვების გარეშე დარჩნენ. წყაროს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს კი, რამდენიმე მათგანმა პოზიციები რუსი მეთაურების მოსაძებნად დატოვა.
ორი დღის შემდეგ, 16 ოქტომბერს, დაკარგული ჩრდილოეთკორეელი სამხედროები რუსულმა ძალებმა გაქცევის ადგილიდან დაახლოებით 16 კილომეტრში დააკავეს.
KyivPost-ის წყაროს ინფორმაციით, ხომუტოვსკის რაიონში განლაგებული 40-ვე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ახლა კურსკის ოლქის ლგოვკსის რაიონში, სამომავლო თავდასხმით ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად არის გადაყვანილი.
რუსულ Telegram-არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში.
ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის.
- სეული: ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა
-
ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს
აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.





