რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით კი, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან 18 ჩრდილოეთკორეელი უკვე გაიქცა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 7 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
როგორც Ukrainska Pravda წერს, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების გაქცევის მიზეზები უცნობია, თუმცა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მათი ძებნა უკვე დაიწყეს. ამასთანავე, რუსები ცდილობენ, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ მაღალი თანამდებობის პირებამდე ვერ მიაღწიოს.
უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ბატალიონის წევრთა რაოდენობა 3,000-მდეა და იგი რუსეთის მიერ კურსკის ოლქში, მათ შორის, ქალაქ სუჯასთან საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება გამოყენებული.
გუშინ, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.
"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.
უფრო ადრე, 8 ოქტომბერს ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომაც.
"ვინაიდან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო კავშირს გავს, უკრაინაში ჯარის გაგზავნის ალბათობა მაღალია".
ბოლო პერიოდში რუსეთ და ჩრდილოეთ კორეა ურთიერთობის გამყარებით არის დაკავებული. 2024 წლის ივნისში ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემა The Times ასევე წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი რუსეთს გადასცა.





