NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცები უკრაინასთან საბრძოლველად გაგზავნა, ეს "მნიშვნელოვანი ესკალაციაა".
რუტეს ცნობით, იგი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს სეულისა და ალიანსის "მჭიდრო პარტნიორობაზე, თავდაცვის ინდუსტრიების თანამშრომლობასა და ევროატლანტიკური სივრცისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ურთიერთდაკავშირებულ უსაფრთხოებაზე" ესაუბრა.
"თუ ჩრდილოეთ კორეა ჯარისკაცებს [რუსეთში] რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გზავნის, ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა", - წერს რუტე X-ზე.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში1500 ჯარისკაცი გაგზავნა და სამხედროები უკვე ადგილზე არიან. დაზვერვის ცნობითვე, ტრანსფერი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოთხი სადესანტო გემით და სამი ფრეგატით განხორციელდა.
რუსულ Telegram-არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში.
ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის.
- სეული: ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა
-
ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს
აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით კი, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან 18 ჩრდილოეთკორეელი უკვე გაიქცა.





