მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი გაიმართა. პირველადი წინასწარი შედეგები ხვალ, 21 ოქტომბერს გამოცხადდება.
კიშინიოვის დროით საღამოს 9 საათის მონაცემებით (როცა საარჩევნო უბნები დაიხურა), არჩევნებზე ხმა 1,547,000-ზე მეტმა მოლდოველმა მისცა, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი დაახლოებით 51.4%-ია.
"მე მივეცი ხმა, რადგან მოლდოველებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ბედის განსაზღვრა და არა სხვას ან ბინძურ ფულს - მხოლოდ ხალხის ნებას. მე ხმა მივეცი იმიტომ, რომ მოლდოვა მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში უნდა განვითარდეს, რათა ააშენოს ის მომავალი, რომელიც მას სურს", - თქვა მოლდოვის პროდასავლელმა მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ.
მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის 24 დეკემბრიდან იკავებს. წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს გარდა 10 კანდიდატი მონაწილეობს. მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ლიდერი სანდუს ყველა შედარებით რეალური კონკურენტი რუსეთთან არის დაკავშირებული, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო უმრავლესობის მოგროვებას ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტური გახდება აუცილებელი. მიუხედავად ამისა, საგრძნობია სხვაობა მოლდოვის ამჟამინდელ პროდასავლელ პრეზიდენტს, მაია სანდუსა და სხვა კანდიდატებს შორის.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე WatchDog-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სანდუს ამომრჩეველთა 35.8% უჭერს მხარს, მეორე ადგილს 9.0%-ით პრორუსი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო იკავებს, მესამეს კი რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი, რენატო უსატიი 6.4%-ით. საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად რეგისტრირებული დარჩენილი რვა კანდიდატის მხარდაჭერა კი 5%-ზე ნაკლებია. ამომრჩეველთა 30% კი კვლავ გადაუწყვეტელია.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დაახლოებით მსგავსი შედეგით დასრულების შემთხვევაში, მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 3 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება რეფერენდუმს, გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ამომრჩეველთა 63% დაუჭერს.
დასავლელი პარტნიორების შეფასებით, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოლდოვამ ან უნდა განამტკიცოს საკუთარი სვლა ევროკავშირისკენ გზაზე ან რამდენიმე ათეული ნაბიჯით უკან დაიხიოს. თუმცა, არჩევნებში სანდუს გამარჯვებით რუსული საფრთხე არიდებული ვერ იქნება, რადგან მოსკოვი პროევროპული კიშინიოვის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს. მათი გრძელვადიანი გათვლა შესაძლოა ეყრდნობოდეს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2025 წლის ივლისამდე დაინიშნება.





