20 ოქტომბერს მოლდოვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები გაიმართება. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმშიც მიიღებენ მონაწილეობას.
მოახლოებული არჩევნები განსაზღვრავს მოლდოვის მომავალი ევროკავშირში გაწევრიანებაა, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო უმრავლესობის მოგროვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტური გახდება აუცილებელი. მიუხედავად ამისა, საგრძნობია სხვაობა მოლდოვის ამჟამინდელ პროდასავლელ პრეზიდენტს, მაია სანდუსა და სხვა კანდიდატებს შორის.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე WatchDog-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სანდუს ამომრჩეველთა 35.8% უჭერს მხარს, მეორე ადგილს 9.0%-ით პრორუსი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო იკავებს, მესამეს კი რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი, რენატო უსატიი 6.4%-ით. საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად რეგისტრირებული დარჩენილი რვა კანდიდატის მხარდაჭერა კი 5%-ზე ნაკლებია. ამომრჩეველთა 30% კი კვლავ გადაუწყვეტელია.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დაახლოებით მსგავსი შედეგით დასრულების შემთხვევაში, მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 3 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება რეფერენდუმს, გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ამომრჩეველთა 63% დაუჭერს. რეფერენდუმი შედგება, თუ პროცესში მონაწილეობას სიაში მყოფი მოქალაქეების 33% მიიღებს.
მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ლიდერს, მაია სანდუს ყველა შედარებით რეალური კონკურენტი რუსეთთან არის დაკავშირებული, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად.
ამ არჩევნებზე სანდუს მთავარი კონკურენტი ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი (2019-2023), ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელსაც მოლდოვის ოპოზიციის ყველაზე პოპულარულმა წარმომადგენელმა, ექსპრეზიდენტმა, იგორ დოდონმა და მისმა სოციალისტურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. დოდონმა, რომელმაც სტოიანოგლოასთვის გზის გასათავისუფლებლად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ყოფილი პროკურორის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა, მის ინიციატივას მხარდაჭერა არ ჰქონდა.
არაერთი დასავლური გამოცემის შეფასებით, სტოიანოგლოს კანდიდატურის მხარდამჭერები, იგორ დოდონი და მოლდოვის სოციალისტური პარტია არამხოლოდ პრორუსული განწყობის არიან, არამედ ისინი პირდაპირ კრემლიდან იმართებიან.
მაია სანდუს თქმით, სტოიანგელოს კანდიდატურა კრემლის სცენარის ნაწილია. “ოლიგარქებმა და კრემლმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასურველი კანდიდატი იპოვეს. ცხადია, რომ კრემლს სურს ქურდების ძალაუფლებაში დაბრუნება, რადგან მათ იციან, რომ ისინი ჩვენს ქვეყანას გაყიდიან და შემდეგ [მოლდოვის] საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებენ”. - თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა.
რუსეთის მხრიდან მოლდოვის პოლიტიკასა და არჩევნებში ჩარევა ახალი მოვლენა არ არის: მოსკოვი მოლდოვას საუკუნეების განმავლობაში მართავდა და დღესაც ბელარუსსა და უკრაინასთან ერთად, საკუთარი გავლენის ექსკლუზიურ სფეროდ თვლის. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში კი ვლადიმირ პუტინის ამ გავლენის აღდგენას ცდილობს, თუმცა არც ისე დიდი წარმატებით.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი მოლდოვის ხელისუფლებაში პრორუსული ძალის მოსვლა მოსკოვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, რადგან დღეს კიშინოვი კიევის თავდაცვის შესაძლებლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოლდოვის მთავრობამ კი საზღვარი გაუხსნა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის საქონლისა და მარაგების იმპორტსა და ექსპორტს. გარდა ამისა, ომის საწყისი ფაზიდან დღემდე მოლდოვამ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ჟურნალ Foreign Affairs-ში უილიამ ჰილის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებით, რუსეთი მოლდოვას უფრო გრძელვადიანი სტრატეგიით უდგება. ის ცდილობს დაყოს მოლდოვის საზოგადოება ლინგვისტურ ნაწილებად, გააღვივოს ეთნიკური შიშები და წუხილები, გავლენა მოახდინოს პრესაზე, მოისყიდოს ან დააფინანსოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ან პარლამენტარები და სანაცვლოდ მათ დააზიანონ ნდობა კიშინიოვის მიმართ, მოახდინონ სანდუს მთავრობის დისკრედიტირება.
ამავდროულად, კრემლი კონცენტრირდა კიშინიოვში პრორუსული ფიგურებისა და პარტიების მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის გავლით დაფინანსებას, რომელიც თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და სხვა ბრალდებების გამო 2019 წელს მოლდოვიდან გაიქცა.
უილიამ ჰილი აღნიშნავს, რომ შორი ახლა მოსკოვში ცხოვრობს და ბოლო ორი წელია ის მოლდოვურ პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული. მასთან მოსკოვსა და პეტერბურგში სტუმრად ჩადიან პრორუსი მოლდოველი პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასულ გაზაფხულს, კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს 100-ზე მეტი რუსი მგზავრი, რომლებსაც ქვეყანაში თითოს თითქმის 10 000 ევრო შემოჰქონდათ. მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, თანხების შემოტანა პრორუსული ხმების საყიდლად და ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციების დასაფინანსებლად იყო გამიზნული. სქემის უკან კი შორი იდგა.
ამასთან, ადგილობრივ პრესაში გასულ თვეში გავრცელებული ინფორმაციით, 130 000-ზე მეტ მოლდოველ მოქალაქეს რუსული ბანკებიდან ჯამში 15 მილიონ დოლარზე მეტი გადმოერიცხა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ მაია სანდუ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, თუმცა, მოლდოვას საპარლამენტო სისტემა აქვს და პრეზიდენტის რეალური ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდულია. საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს გამარჯვების მომდევნო წელს, საპარლამენტო არჩევნებში მისმა მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ ხმების 51%-ის აღება შეძლო, რამაც სანდუს პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის საშუალება მისცა. უახლოესი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის ივლისამდე ჩაინიშნება.
ასევე, ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით მოლდოვის პოლიტიკაზე გავლენის მცდელობის პროცესში რუსეთის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი გუბერნატორი, ირინა ვლახი სანდუს მოლდოვის რუსეთისა და უკრაინის ომში ჩათრევაში ადანაშაულებს. ვლახი პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში იქნება “მშვიდობა” და გაიმართება რეფერენდუმი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხზე.
გაუგაზიის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის მცდელობები მიმართულია ეთნიკურად თურქ მართლმადიდებელ უმცირესობაში არსებული ასიმილაციის, საკუთარი ენისა და ეთნიკური იდენტობის დაკარგვის შიშების გაღვივებისკენ.
უილიამ ჰილმა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის დნესტრისპირეთის პრობლემასაც. როგორც ავტორი აღნიშნავს, მოსკოვს ეს საკითხი ზეწოლისთვის წარსულშიც გამოუყენებია. მეტიც, წარსულში კრემლი მოლდოვას დნესტრისპირეთის პრობლემის გადაჭრაში შუამავლობასაც სთავაზობდა, თუმცა სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსება სურდათ. მსგავს შეთანხმებაზე უარი ჯერ კიდევ 2003 წელს პრორუსული განწყობებით ცნობილი კომუნისტური პარტიის მთავრობის ხელმძღვანელმა, პრეზიდენმტა ვლადიმირ ვორონინმა თქვა. თუმცა, ჰილი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით კი 2022 წლის თებერვლის შემდეგ, დნესტრისპირეთში რუსეთის ავტორიტეტი შესუსტდა. ის ხაზს უსვამს, რომ 2015 წლიდან სეპარატისტული რეგიონის ექსპორტის 80% ევროკავშირის ქვეყნებში გადიოდა. როგორც ავტორი ამბობს, დნესტრისპირელმა ბიზნესმენებმა და მარიონეტული მთავრობის წარმომადგენლებმა მასთან პირად საუბრებში თქვეს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით დაინტერესებულები არიან.
2000-იანი წლების მოლაპარაკებების მსგავსი მცდელობა 2021 წელსაც მოხდა. მოსკოვი კიშინიოვს დნესტრისპირეთთან კონფლიქტის მოგვარებასა და ბუნებრივი აირის დაბალ ტარიფებს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი კრემლისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებას ითხოვდა. მაგალითად, სურდათ მიეღოთ პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანებას არ გადაწყვეტდნენ. სანდუს მთავრობამ შეთანხმებაზე უარი თქვა. საპასუხოდ, რუსეთმა გაზის ფასებით მანიპულაცია დაიწყო. ამას დაემატა Covid-19-ის ეფექტიც და შედეგად 2022-23 წლებში მოლდოვამ ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ჰილის აზრით, რუსეთი მოლდოვას, რომელიც უკრაინის ზღვისპირა რეგიონ ოდესას ესაზღვრება, შავი ზღვის რეგიონში საკუთარ სტრატეგიულ სიღრმედ აღიქვამს. თუ ეს ქვეყანა კრემლის ორბიტაზე დაბრუნდება, შავ ზღვაში უკრაინის მიერ ვაჭრობისა და მომარაგების შესაძლებლობები შემცირდება. ჰილის შეფასებით, კიშინიოვში პრორუსული მთავრობა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ გამოთვლებს დრამატულად შეცვლის.
დასავლელი პარტნიორების შეფასებით, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოლდოვამ ან უნდა განამტკიცოს საკუთარი სვლა ევროკავშირისკენ გზაზე ან რამდენიმე ათეული ნაბიჯით უკან დაიხიოს. თუმცა, არჩევნებში სანდუს გამარჯვებით რუსული საფრთხე არიდებული ვერ იქნება, რადგან მოსკოვი პროევროპული კიშინიოვის წინააღდეგ ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს. მათი გრძელვადიანი გათვლა შესაძლოა ეყრდნობოდეს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2025 წლის ივლისამდე დაინიშნება.




