2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები

სანდუ: თითოეული თქვენგანის ხმით, მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ამომრჩევლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ყველა მოლდოველის პრეზიდენტი იქნება.

სანდუს თქმით, მოლდოვამ გაიმარჯვა, ქვეყნის მოქალაქეებმა კი დემოკრატიის ისეთი გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს.

"თითოეული თქვენგანის ხმით, მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გაერთიანებულებს შეგვიძლია, დავამარცხოთ ისინი, ვისაც ჩვენი დამცირება სურდა. მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნე გახდა: ბინძური ფული, ამომრჩეველთა უკანონო მოსყიდვა, დანაშაულებრივი დაჯგუფებების ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილისა და შიშის გავრცელება. თუმცა, ჩვენი ერი გაერთიანდა და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს". - თქვა სანდუმ.

ამის შემდეგ კი მოლდოვის პრეზიდენტმა ამომრჩევლებს რუსულ ენაზეც მიმართა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია მოკლე დროში მოლდოვის საზოგადოების გაერთიანება.

"ძვირფასო მოლდოველებო, მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც არჩევნებზე მივიდა. მე გავიგონე თქვენი ხმა: ვინც მხარი დამიჭირა და იმათიც, ვინც ბატონ სტოიანოგლოს მისცა ხმა. პირობას ვდებ, რომ ყველა თქვენგანის პრეზიდენტი ვიქნები. ჩვენ შესაძლოა, სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, თუმცა, ყველას, გვინდა მშვიდობა, ურთიერთგაგება და ღირსეული ცხოვრება ჩვენი შვილებისთვის. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი მოლდოვისთვის უახლოეს წლებში. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება". - თქვა სანდუმ.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმების 99.86%-ის დათვლის შემდეგ, მაია სანდუმ გაიმარჯვა. მის კანდიდატურას მხარი ამომრჩევლების 55.41%-მა დაუჭირა, ალექსანდრ სტოიანოგლომ კი 44.59% მიიღო.

კომენტარები