რუსეთი-საქართველო

ლავროვი ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტი სურს

სერგეი ლავროვი და ვლადიმირ პუტინი
EPA-EFE/SEAN GALLUP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლურ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში ე.წ. "მეორე ფრონტის გახსნა" სურთ.

ლავროვი ასევე ირწმუნება, რომ დასავლეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში "ვითარების დესტაბილიზებას" ცდილობს. მისივე სიტყვებით, დასავლურ სახელმწიფოებს საქართველოსა და "ორ სუვერენულ ქვეყანას" შორის (ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი) ურთიერთობების დაძაბვა უნდათ.

ამის შესახებ მან სტამბულში 3+3 ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრას რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დაესწრნენ

"საქართველოს რომ დავუბრუნდე, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ცნობილი მცდელობებია. ვგულისხმობ კოცონის ხელახლა დანთებას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების დესტაბილიზებასა და საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაცხელებას. ამგვარად, რისკების უმეტესობა, რომლებსაც აქ ვაკვირდებით, დასავლეთის მცდელობებს უკავშირდება, რომლებიც აქ მისი გავლენის მაქსიმალურად გამყარებასა და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანაბარუფლებიანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოსპობას ემსახურება". - თქვა ლავროვმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი მაღალჩინოსნები იყენებენ .. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიისქართული ოცნების რიტორიკის ნაწილიცაა. ამავე საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებიც საუბრობენ.


2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ.

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

კომენტარები