აზერბაიჯანი

საფრანგეთში დევნილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი დანით დაჭრეს

ვიდადი ისგანდარლი
oc-media.org

საფრანგეთში, ქალაქ მულჰაუსში, საკუთარ სახლში დანით დაჭრეს დევნილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ვიდადი ისგანდარლი.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ავრცელებს.

"ვიდადი ისგანდარლის 3 უცნობი პირი დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა. სიტუაცია მძიმეა. მას დანა ოთხჯერ დაარტყეს". – წერს მუხთარლი.

უფლებადამცველი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის რეანიმაციაში იმყოფება.

ისგანდარლის, რომელმაც თავდამსხმელებისგან თავის დაცვა სცადა, ჭრილობები ხელისა და თავის არეში აქვს მიყენებეული. ჭრილობების მიუხედავად მან თავდამსხმელების სახლიდან გაგდება და პოლიციაში დარეკვა მოასწრო.

2010 წელს ისგანდარლი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა. მომდევნო წელს მან საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა. უფლებადამცველი დააკავეს და 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. 

2011 წლის აგვისტოს ისგანდარლი მეორედ დააკავეს, სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

2012 წლის დეკემბერში უფლებადამცველი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა. 

ცოტა ხნის შემდეგ ის საფრანგეთში გაემგზავრა და საკუთარი Youtube არხის მეშვეობით აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. 

ამერიკის ხმის ინფორმაციით ისგანდარლის თავს 2 წლის წინაც დაესხნენ. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები ადგილობრივი კრიმინალები იყვნენ. თავად უფლებამდცველის აზრით, თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

კომენტარები