აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, რამიზ მეჰდიევს ბრალი წაუყენეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების, სახელმწიფო ღალატისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებში. სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, მას 4-თვიანი შინაპატიმრობა შეეფარდა.
პროსახელისუფლებო მედია APA-ს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბაქოს რაიონულმა სასამართლომ 14 ოქტომბერს მიიღო.
მათივე ცნობით, სისხლის სამართლის გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.
ამასთან, თავად მეჰდიევი მოქმედი მთავრობის უშიშროების საბჭოს წევრია, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ რამიზ მეჰდიევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 1995-2019 წლებში იკავებდა. აზერბაიჯანული ოპოზიცია მეჰდიევს, რომელმაც პოლიტიკური საქმიანობა ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და მისი შვილის, ილჰამ ალიევის პირობებშიც განაგრძო, "რუხ კარდინლად" მოიხსენიებდა.
მეჰდიევი 2019 წელს თანამდებობიდან ალიევმა გაათავისუფლა, რომელმაც განმარტა, რომ მას სურდა "ადგილი ახალგაზრდა თაობისთვის დაეთმო". იმ დროს ალიევმა მეჰდიევს ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო ორდენიც მიანიჭა. ამის შემდეგ, 2022 წლამდე მეჰდიევი მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.





