აზერბაიჯანი

ბაქომ "ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის" გამო ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეწყვიტა

   
   

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან "ყველა მხრივ" თანამშრომლობის შეწყვეტაზე რეზოლუცია მიიღო და ორგანო "ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკაში, ცილისწამებისა და დისკრედიტაციული საქმიანობაში" დაადანაშაულა.

რეზოლუციაში წერია, რომ ქვეყნის პარლამენტი "მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ერთობლივი საქმიანობით ხელმძღვანელობს და უცხო ქვეყნის პარლამენტებთან და საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე."

"სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც უარყოფს ზემოაღნიშნულ პრინციპებს, ამ ინსტიტუტთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა," - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პლატფორმები "ზეწოლის, შანტაჟისა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად" იქცა.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა 2015 წელს შეწყვიტა, თუმცა ევროპული მხრიდან დაპირებების შედეგად, მოგვიანებით აღადგინა.

"მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტმა არ შეასრულა თავისი დაპირებები და განაგრძობს ანტიაზერბაიჯანულ პოლიტიკას, ცილისწამებასა და დისკრედიტაციას," - წერია რეზოლუციაში.

„დღეს, ევროპარლამენტი, სადაც დემოკრატიული ღირებულებები დაინგრა, კორუფცია და მექრთამეობა ღრმად არის ფესვგადგმული და რომელიც ემსახურება ლობისტურ ჯგუფებს და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, გახდა სტრუქტურა, სადაც აზერბაიჯანოფობიური და ისლამოფობიური აზროვნება მძვინვარებს."

 

კომენტარები