მაიმუნის ყვავილი

ინდოეთში ახლანდელი ეპიდემიის ფარგლებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა

Getty Images

ინდოეთში, კერალას შტატში, მაიმუნის ყვავილის ვირუსის (Mpox) ახალი ვარიანტით, 1b კლადით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა

15 აგვისტოს მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით გამოცხადებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა ვირუსის სწორედ ამ ვარიანტს, 1b კლადს ეხება. ამჟამინდელი მონაცემებით, ის აქამდე გავრცელებულ ვარიანტებთან  შედარებით უფრო მომაკვდინებელია და, სავარაუდოდ, უფრო სწრაფადადაც ვრცელდება. 

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მანიშა ვერმამ გამოცემა Reuters-ს დაუდასტურა, რომ პაციენტი ვირუსის 1b კლადით არის დაავადებული. 

პაციენტი 38 წლის კაცია, რომელიც ინდოეთში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მიფრინავდა. გამოცემას ექიმებმა უთხრეს, რომ მას ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ, მისი ნათესავებსა და ახლობლებს კი აკვირდებიან, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანი მაიმუნის ყვავილის ნიშნებს არ ავლენს. 

აქამდე, 2022 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ინდოეთში მაიმუნის ყვავილის ნაკლებად სახიფათო მე-2 კლადის 30-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების ტესტირებისთვის დაახლოებით 35 საავადმყოფო არის გამოყოფილი. 


Mpox, ცნობილი, როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ადამიანს ვირუსი ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:  ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.

არსებობს მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი კლადი, ანუ საერთო წინაპრისა და მისი შთამომავალი ორგანიზმებისგან შემდგარი ტაქსონი: პირველი კლადი ცენტრალური აფრიკისთვის არის ენდემური და ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არის გავრცელებული, მეორე კი - დასავლეთ აფრიკაში არის ლოკალიზებული.

15 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა სწორედ პირველი კლადის ახალ ვარიანტზე, 1b-ზე გამოცხადდა, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე სახიფათოა.

ინდოეთის გარდა, ჯერჯერობით, მაიმუნის ყვავილის 1b კლადის შემთხვევები შვედეთსა და ტაილანდში დადასტურდა. 

სექტემბრის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. "მაიმუნის ყვავილის" პირველი ვაქცინა დაამტკიცა.

WHO-ს თქმით, MVA-BN არის პირველი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Bavarian Nordic-მა შექმნა.

კომენტარები