შვედეთში მაიმუნის ყვავილის ვირუსის (Mpox) პირველი შემთხვევა დადასტურდა, რაც ზოგადად ევროპაში აღნიშნული ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.
15 აგვისტოს შვედეთის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა:
"ჩვენთან ასევე ახლა, შუადღით, დადასტურდა, რომ შვედეთში უფრო მძიმე ტიპის მაიმუნის ყვავილის სახეობა დაგვიდასტურდა, რომელსაც Clade I-ს ეძახიან". - განაცხადა მან.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, ამ წლის დასაწყისიდან 17 000-ზე მეტი გავრცელების და 500-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა აფრიკის 13 ქვეყანაში, რაც ამ დაავადებას ავტომატურად "ძალიან მაღალი რისკის მოვლენად" აკლასიფიცირებს.
14 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში მიმდინარე მაიმუნის ყვავილის (Mpox) ეპიდემია ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
Mpox, ცნობილი როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ადამიანს ვირუსი ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა 2022 წელსაც გამოაცხადა.
ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში ზემოხსენებული ვირუსით ინფიცირებების შემთხვევების ზრდას უკავშირდებოდა. WHO-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ მოწვეული სპეციალური კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.





