ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 14 აგვისტოს მაიმუნის ყვავილის (Mpox) ვირუსული დაავადების ეპიდემიასთან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დაავადებას მაიმუნის ყვავილის ვირუსი იწვევს, რომელიც Orthopoxvirus-ის გვარში შედის და ყვავილის ვირუსის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.
ვირუსი პირველად 1958 წელს ლაბორატორიაში აღმოაჩინეს, ხოლო მისით ადამიანი პირველად 1970 წელს დაავადდა.
მართალია, ყვავილი ფართომასშტაბიანი აცრებისა და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების ძალისხმევით 1980 წელს აღმოიფხვრა, თუმცა მაიმუნის ყვავილი დღემდე არ გამქრალა. ვირუსი აფრიკისთვის ენდემურად მიიჩნევა და დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში არის ლოკალიზებული.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად (PHEIC) შეაფასა, რაც ჯანდაცვის საერთაშორისო სამართლით განგაშის უმაღლეს დონეს წარმოადგენს. მან ეს გადაწყვეტილება Mpox-ის შემთხვევების ზრდისა და აფრიკაში ინფიცირების შემთხვევების მქონე ქვეყნების ზრდის საფუძველზე მიიღო.
ამის შესახებ განცხადება გებრეისუსმა დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების საგანგებო კომიტეტის რჩევის საფუძველზე გააკეთა, რომლებმაც ჯანმოსა და შესაბამისი ქვეყნების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ Mpox-ის ეპიდემია საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობაა და შესაძლოა, აფრიკის სხვა ქვეყნებში და კონტინენტს მიღმაც გავრცელდეს.
„Mpox-ის ახალი კლადის გამოჩენა, მისი სწრაფი გავრცელება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში და ინფიცირების შემთხვევებზე შეტყობინებები რამდენიმე მეზობელი ქვეყნიდან ძალიან შემაშფოთებელია. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში Mpox-ის სხვა კლადების ეპიდემიის ფონზე, აშკარაა რომ ამ ეპიდემიების დასასრულებლად და სიცოცხლეთა გადასარჩენად საერთაშორისო კოორდინირებული ქმედებაა საჭირო“. - თქვა გებრეისუსმა.
აქამდე, მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 2022 წელსაც გამოცხადდა, როცა დაავადება 100-მდე ქვეყანაში გავრცელდა, სადაც ის ტიპურად არ გვხვდება, თუმცა, რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების აცრის შედეგად ვირუსის გაკონტროლება მოხერხდა.
ამჯერად საგანგებო მდგომარეობა ვირუსის სხვა ვარიანტს ეხება, რომელიც მეტად საშიში და მომაკვდინებელია.
მაიმუნის ყვავილის ორი კლადი
არსებობს მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი კლადი, ანუ საერთო წინაპრისა და მისი შთამომავალი ორგანიზმებისგან შემდგარი ტაქსონი: პირველი კლადი ცენტრალური აფრიკისთვის არის ენდემური და ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არის გავრცელებული, მეორე კი - დასავლეთ აფრიკაში არის ლოკალიზებული.
2022 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მეორე კლადს უკავშირდებოდა, რომელიც პირველთან შედარებით ნაკლებად სერიოზული და სახიფათოა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს: დაავადებულ ადამიანებს შორის დაახლოებით 0.1% ადამიანი იღუპება, პირველ კლადს კი საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 10%-იანი სიკვდილიანობა ახასიათებს.
15 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა სწორედ პირველი კლადის ახალ ვარიანტზე, 1b-ზე გამოცხადდა, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე სახიფათოა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 1b კლადის ვირუსი სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.
გაეროს ინფორმაციით, ბოლო თვეებში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეზობელ ქვეყნებში, სადაც მაიმუნის ყვავილი ტიპიურად არ შემჩნეულა, ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში, 1b კლადის 100-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა იყო, რაც საერთაშორისო ექსპერტებში შეშფოთებას იწვევს.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე კონტინენტის 12 ქვეყანაში დაავადების 17 541 შემთხვევა აღირიცხა, რაც 2023 წლის მონაცემთან შედარებით 160%-იანი ზრდაა. გარდა ამისა, დაავადებულთა შორის 517 პაციენტი დაიღუპა, რაც დაახლოებით 19%-იანი ზრდაა.
15 აგვისტოს შვედეთში მაიმუნის ყვავილის 1b კლადით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, რაც ზოგადად ევროპაში Mpox-ის პირველი შემთხვევაა. შვედეთის ჯანდაცვის საჯარო სამსახურის ცნობით, ინფიცირებული პირი აფრიკაში ყოფნისას დაავადდა.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, ახლანდელი უფრო საშიში ეპიდემია შეიძლება “დაავადების მეტად სერიოზული განვითარების შემთხვევების ზრდასა და უფრო მაღალ სიკვდილიანობას“ უკავშირდებოდეს.
სამსახურის ხელმძღვანელის, ოლივია ვიგზელის თქმით, რადგან დაავადებული ადამიანი შვედეთში მკურნალობდა, არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ფართო მოსახლეობა ინფიცირების რისკის ქვეშ არის.
როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილის ვირუსი?
მაიმუნის ყვავილი როგორც ცხოველებს შორის, ისე ცხოველებიდან ადამიანზე და ადამიანებს შორის კონტაქტის გზით ვრცელდება.
ვირუსი შეიძლება დაავადებული ცხოველის ან ადამიანის ნერწყვიდან, ლორწოვანი გარსიდან, პირიდან ანდა გამონაყართან შეხებით გადავიდეს.
ადამიანების შემთხვევაში დაავადება ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, კოცნით, შეხებით, ახლოს სუნთქვით ან საუბრით ან სქესობრივი გზით გადადის.
ვირუსი გარკვეული პერიოდი პირად ნივთებზეც ცოცხლობს, მაგალითად, ტანსაცმელზე, საბნებზე, პირსახოცებზე, ელექტრონულ ხელსაწყოებსა და ზედაპირებზე, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო. ამგვარად, Mpox-ი ასევე ნივთების ვირუსით ინფიცირებულ ზედაპირზე შეხების გზით არის გადამდები. ინფიცირება შესაძლებელია ასევე თეთრეულის გაზიარებით მოხდეს.
მსგავსი ნივთების ან ზედაპირების შეხების შემთხვევაში ადამიანებს, რომლებსაც ჭრილობები აქვთ ან შეხების შემდეგ თვალებს, პირს, ცხვირს ან სხვა ლორწოვან გარსს შეეხებიან, ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ.
ვირუსი შესაძლოა ასევე დედიდან შვილზე ორსულობის ან მშობიარობის დროსაც გადავიდეს.
ველური ცხოველების შემთხვევაში მაიმუნის ყვავილის ვირუსი შეიძლება დაფხაჭნის, კბენის ან ნადირობის, გატყავებისა და მომზადების დროს გავრცელდეს. თუკი ხორცი არასათანადოდ არის მომზადებული, შესაძლოა, რომ ადამიანი ინფიცირებული ცხოველის ჭამითაც დაავადდეს.
Mpox-ით დაავადებულები ინფიცირებულებად მანამდე ითვლებიან, სანამ ყველა მათი გამონაყარი არ შეხორცდება, ფუფხები არ მოსცილდებათ და კანის ახალი შრე არ წარმოიქმნება.
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ვირუსის გადამტანი ასიმპტომური ადამიანი აღმოჩნდა, ანუ ის, ვინც არანაირ სიმპტომებს არ ავლენდა, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რამდენად შეიძლება ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ან ჭრილობების შეხორცების შემდეგ ვრცელდებოდეს.
მაიმუნის ყვავილით დაავადებული ცხოველები ძირითადად ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ და ასეთი შემთხვევები უმეტესად ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ეკოსისტემაში ვლინდება. ვირუსი ძირითადად მაიმუნის სხვადასხვა ჯიშსა და მცირე მღრღნელებში, ციყვებში, ძილგუდებში და ა.შ. არის გავრცელებული.
სავარაუდოდ, ვირუსი თავდაპირველად ცხოველებში ვრცელდებოდა, შემდეგ კი ცხოველებიდან ადამიანებშიც გავრცელდა. თუმცა, სახელწოდების მიუხედავად, მაიმუნის ყვავილის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
ვირუსის სიმპტომები და დიაგნოზის დასმის გზები
ჯანმოს ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზირებისთვის უპირატესი გზა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) ლაბორატორიული ტესტია, საუკეთესო სადიაგნოზო მასალა კი პირდაპირ გამონაყარიდან - კანიდან, სითხიდან, ფუფხიდან ან ბიოფსიის გზით - არის მოპოვებული.
მნიშვნელოვანია, რომ დიფერენციული დიაგნოზის შედეგად მაიმუნის ყვავილი მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებისგან, მაგალითად, ჩუტყვავილისგან, წითურისგან, მუნისგან, სიფილისისგან განვასხვაოთ.
დაავადებას ზოგადად ახასიათებს: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის, ზურგისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ლიმფური კვანძების შეშუპება.
ჯანმოს ინფორმაციით, ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა 5-იდან 21 დღემდე გრძელდებოდეს. პირველი 1-3 დღის განმავლობაში დაავადებისთვის სახასიათოა ციებ-ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება, თავის, ზურგისა და კუნთების ტკივილი და ენერგიის ნაკლებობა.
ციებ-ცხელების ეტაპის შემდეგ დაავადება გამონაყარის ეტაპით ხასიათდება, რომელიც დაახლოებით 2-დან 4 კვირამდე გრძელდება. გამონაყარი, როგორც წესი, შესაძლოა სახეზე, ხელის გულებზე, ფეხის გულებზე, საზარდულის არეზე ან გენიტალიებზე განვითარდეს. გამონაყარის რაოდენობა 1-იდან ათასამდე შეიძლება მერყეობდეს.
უმეტეს შემთხვევებში მაიმუნის ყვავილის სიმპტომები მომაკვდინებელი არ არის და სიმპტომების მკურნალობის, მაგალითად სიცხისთვისა და ტკივილისთვის შესაბამისი წამლების მიღების შედეგად პაციენტი რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება. თუმცა, რიგ შემთხვევებში დაავადება გართულებებთან და სიკვდილთან არის დაკავშირებული.
დაავადების გართულებას უფრო დიდი, უფრო ბევრგან ლოკალიზებული გამონაყარი შეიძლება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის, სისხლის ან ფილტვების დამატებითი ინფექცია, ენცეფალიტი, ანუ ტვინის ანთება, მიოკარდია, ანუ გულის ანთება ან ფილტვების ანთება. ამასთან, თვალის პრობლემებიც შეიძლება განვითარდეს.
ამ მხრივ სერიოზული გართულების რისკის ქვეშ არიან ჩვილები, ბავშვები, ორსული ქალები და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები - მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
ვარაუდობენ, რომ ვირუსი გართულებული სიმპტომების რისკის მქონე ჯგუფებში უფრო სწრაფადაც ვრცელდება.
მეორე კლადის ვირუსის სიკვდილიანობა დაახლოებით 0.1%-ია, პირველი კლადისა - დაახლოებით 10%. ახალი ვარიანტი, 1b კი 100-იდან 25 შემთხვევაში სიკვდილს იწვევს.
მკურნალობა და პრევენცია
ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა, რომ პოტენციურად ინფიცირებულ ზედაპირებსა და ნივთებს დეზინფექცია ჩავუტაროთ ანდა შეხების შემდეგ ხელები დავიბანოთ და სავარაუდოდ დაავადებულ ადამიანებთან პირდაპირ კონტაქტს თავი ავარიდოთ.
მაიმუნის ყვავილის მკურნალობა არა დაავადების აღმოფხვრაზე, არამედ ძირითადად სიმპტომატიკაზე არის მიმართული - დაავადებულებს მკურნალობა სიცხის დამწევებით, ტკივილგამაყუჩებლებით და რიგ შემთხვევებში ანტივირუსული წამლებით შეუძლიათ, რომლებზეც მეცნიერები კვლავ მუშაობენ.
სამკურნალოდ ყვავილის სამკურნალო ზოგიერთი ანტვირუსული წამალიც გამოიყენება, მაგალითად ტეკოვირიმატი, რომელიც 2022 წელს ევროპის მედიკამენტების სამსახურმა განსაკუთრებულ შემთხვევებში მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ დაამტკიცა.
ჯანმოს ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ინფიცირებულმა ადამიანებმა კანის შეხებასა და ქავილს, ასევე, სოციალიზებას თავი უნდა აარიდონ და თვითიზოლირებას მიმართონ, სანამ მათი გამონაყარი ბოლომდე არ შეხორცდება, რასაც, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, დაახლოებით 2-4 კვირა სჭირდება. უმჯობესია, რომ დაავადებულებმა გამონაყართან შეხებამდე და შეხების შემდეგ ხელები დაიბანონ და კანი არ დაასველონ. ორგანიზაციის თანახმად, ადამიანებთან კონტაქტის შემთხვევაში, გამონაყარის დაფარვა სჯობს, იზოლირებისას კი პირიქით.
გამონაყარის გაწმენდა ანტისეპტიკური ხსნარით ან სტერილიზებული წყლით არის შესაძლებელი, პირში გამონაყარის შემთხვევაში მარილიანი წყლის გამოვლებაც შეიძლება.
გართულებული სიმპტომების მქონე პირებს შესაძლოა ჰოსპიტალიზება დასჭირდეთ.
უშუალოდ Mpox-ის ვაქცინა არ არსებობს, თუმცა არსებობს ყვავილისთვის დამზადებული თანამედროვე ვაქცინები, რომელთა გამოყენება მაიმუნის ყვავილის შემთხვევაშიც შეიძლება, მათ შორის არის, OrthopoxVac, LC16 და MVA-BN (ამ ვარიანტს იყენებს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ რეკომენდებული Jynneos-ის ვაქცინა). Jynneos-ის ეფექტურობა 70%-ია, რაც ნიშნავს, რომ აცრილთა რაოდენობა, რომლებსაც დაავადება სჭირთ, 70%-ით უფრო მცირეა, ვიდრე აუცრელი ინფიცირებულებისა.
როგორც ჯანმო წერს, ყვავილის წინააღმდეგ რუტინული აცრების გაუქმების შემდეგ მოსახლეობათა დაცულობა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ შემცირდა. კვლევები აჩვენებს, რომ პირველი თაობის ყვავილის ვაქცინას Mpox-ის წინააღმდეგ 85% ეფექტურობა ახასიათებდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ბავშვობაში ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ იყვნენ აცრილები, გარკვეული იმუნიტეტი დღემდე შეიძლება ჰქონდეთ.
ამ ეტაპზე ჯანმო მასობრივ აცრას რეკომენდაციას არ უწევს და წერს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების შემთხვევაში უნდა მოხდეს.