ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასის თქმით, ახალი პირობების არარსებობის შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მათმა წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ ღაზის სექტორში ისრაელთან ერთად "მყისიერად" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასადებად მზად არიან, რომელიც მანამდე აშშ-ს მიერ წარდგენილ გეგმაზე იქნება დაფუძნებული. თუმცა, ჰამასის თქმით, ეს მხარეების მხრიდან ახალი პირობების წამოყენების გარეშე უნდა მოხდეს.

ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, მათი მომლაპარაკებელი პირები, რომლებსაც ჰამასის მაღალჩინოსანი ხალილ ალ-ჰაია უძღვება, ღაზაში განვითარებული მოვლენების განსახილველად შუამავლებს შეხვდნენ, მათ შორის კატარის პრემიერმინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმანსა და ეგვიპტის დაზვერვის უფროსს, აბას კამელს.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე წარუმატებლად მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მთავარი კამათის საგანი ფილადელფის დერეფნის კონტროლის საკითხია. ფილადელფის დერეფანი ღაზა-ეგვიპტის საზღვრის მიმდებარე ვიწრო სივრცეა.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა, უილიამ ბერნსმა, რომელიც ღაზის საკითხზე მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმოადგენს, 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უფრო დეტალურ გეგმას მომდევნო დღეებში შეადგენენ.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ივნისის თვეში წარდგენილი გეგმა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამ ფაზას ითვალისწინებდა.

კომენტარები