გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს თანდათან სამხედრო თვითმფრინავები და სადივიზიო-სადესანტო რაზმები დასავლეთ აფრიკის ზღვისპირა ნაწილში გადაჰყავს, რათა რეგიონში ალ-კაიდას და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინსვლა შეაკავოს.
მიმდინარე წლის ზაფხულში ამერიკულ ძალებს ნიგერში პოზიციების დატოვება მოუწიათ, რის შემდეგაც პენტაგონი ცდილობს, მეზობელ სახელმწიფოებში წინააღმდეგობის გასაწევი გეგმა შეადგინოს.
აღნიშნული გეგმა კოტ-დ'ივუარში აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალებისა და სადაზვერვო თვითმფრინავების განლაგებას, ბენინში ამერიკული ვერტმფრენებისთვის სამხედრო აეროპორტის განახლებას, ხოლო ჩადში ყოფილ ბაზაზე სადივიზიო-სადესანტო რაზმის დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას მოიცავს.
"ნიგერის დაკარგვა ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ უნარი, პირდაპირი გავლენა გვქონდეს საჰელის რეგიონში კონტრტერორიზმსა და ამბოხებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე". - გადამდგარმა მაიორ-გენერალმა მარკ ჰიკსმა, რომელიც აფრიკაში აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი სარდალი იყო.
საჰელის რეგიონში, კონკრეტულად მალიში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში, ისლამისტი მებრძოლები პოლიციასა და სამხედროებს ესხმიან თავს, ხოლო ადგილობრივი სოფლების ოკუპაციას ცდილობს. პენტაგონის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე მათ გამო 38 000 ადამიანი დაიღუპა. ხოლო გაეროს ცნობით, აგვისტოში მებრძოლებმა ბურკინა-ფასოში ერთ დღეში 200-მდე ადამიანი მოკლეს.
ბოლო წლებში საჰელის რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებები გააქტიურდნენ და გვინეის ყურის გასწვრივ შედარებით განვითარებულ ქვეყნებზე თავდასხმები დაიწყეს. ჰიკსის თქმით, ამ რეგიონის ქვეყნებში, მაგ. კოტ-დ'ივუარსა და ბენინში, სამხედრო ძალების გადაყვანა ამერიკისთვის "ერთადერთ სტრატეგიულ" სვლად რჩება.
შესაბამისად, პენტაგონის აფრიკის სარდლობამ მაიორ-გენერალ კენეთ ეკმანს 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდი დაუქვემდებარა, რათა ნიგერიდან გამოყვანილი 1100-მდე სამხედრო რეგიონში გადაანაწილოს.
"ჩვენ ძალები გადაგვყავს, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ მაშინ, როცა ჩვენი მიზნები უსაფრთხოების მხრივ არ შეცვლილა, მათი მიღწევა უფრო რთული გახდა". - განაცხადა ეკმანმა ინტერვიუში.
2023 წლის 26 ივლისს ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება გამოაცხადეს და ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი დააკავეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.