ნიგერი

"გაუმარჯოს პუტინს", "გაუმარჯოს რუსეთს" – ნიგერში დემონსტრაციები გრძელდება

დემონსტრანტები ნიგერში საფრანგეთის საელჩოსთან
Stringer/Reuters

ნიგერში სამხედრო გადატრიალების მხარდამჭერი დემონსტრანტები საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში პარიზის გავლენის გაპროტესტებასთან ერთად მოსკოვის მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

მიუხედავად კრემლის მოწოდებისა, გაათავისუფლონ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი, აქციაზე ისმოდა შეძახილები "გაუმარჯოს რუსეთს", "გაუმარჯოს პუტინს", "ძირს საფრანგეთი".

დემონსტრანტების ნაწილმა საელჩოს საინფორმაციო დაფა ჩამოხსნა, ზედ ფეხებით შედგა და მის ადგილას რუსეთისა და ნიგერის დროშები ჩამოკიდა.

გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები საელჩოსთან ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისის თქმით, საფრანგეთი თავის მოქალაქეებსა და დაწესებულებებზე თავდამსხმელებს დაუყოვნებელ პასუხს გასცემს.

ნიგერი 1960 წლამდე 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ორ ქვეყანას მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებდა. ნიგერში ბევრი თვლის, რომ საფრანგეთი 1960 წლის შემდეგაც აგრძელებდა იმპერიული მიდგომებით მოქმედებას, ქვეყნის რესურსებს თავის სასარგებლოდ იყენებდა და მის ეკონომიკურ პოლიტიკასაც განსაზღვრავდა.

ანტიფრანგული და პრორუსული მოძრაობები რეგიონში ახალი არ არის და იგივე პროცესები ბოლო წლებში ბურკინა ფასოსა და საჰელის რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობდა.


27 ივლისს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გადატრიალების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათი შეძახილებიდან ჩანდა, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მხარდამჭერებიც იყვნენ და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ. შემდეგ მათ დაწვეს მანქანები და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება გასულ დღეს გამოაცხადეს.

აჯანყებულებთან მოლაპარაკებებში ჩართული არის საფრანგეთი და ნიგერიაც.

2020 წლის შემდეგ ეს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკის რეგიონში მომხდარი მეშვიდე სამხედრო გადატრიალებაა და შესაძლოა დასავლეთს გაურთულოს საჰელის რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა ჯიჰადიზმთან ბრძოლაში.

ამას გარდა, ნიგერი ევროკავშირისთვის იყო მნიშვნელოვანი მოკავშირე სუბსაჰარული აფრიკიდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაში. გასულ წელს საფრანგეთმა სამხედროები ნიგერიდან მალიში გადაიყვანა, როცა შუალედურ მთავრობასთან ურთიერთობა გაურთულდათ. მსგავსი დაძაბულობის დროს მათ ძალები ბურკინა ფასოდანაც გამოიყვანეს.

მას შემდეგ რაც ნიგერმა 1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ეს უკვე მეოთხე სამხედრო გადატრიალებაა. ბაზუმი იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

კომენტარები