სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერიის პრეზიდენტი მეზობელ ნიგერში სამხედრო ინტერვენციისთვის სენატის მხარდაჭერას ითხოვს

ნიგერიის პრეზიდენტი, ბოლა ტინუბუ
Temilade Adelaja/Reuters

ნიგერიის პრეზიდენტი, ბოლა ტინუბუ სენატისთვის მიწერილ წერილში კანონმდებლებს სთხოვს, რომ მეზობელ ნიგერში, სადაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა სამხედრო ხუნტამ შეცვალა, რეგიონის სამხედრო ჩარევას მხარი დაუჭირონ.

ადგილობრივი გამოცემის, the Cable-ის ცნობით, ტინუბუმ "ნიგერში სამხედრო ხუნტის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათი ძალისმიერი დაყოლიებისთვის სამხედროების მობილიზაცია და პირადი შემადგენლობის განლაგება" ითხოვა.

რეგიონის ყველაზე ძლიერ ქვეყანას, ნიგერიას ახლა დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოების (ECOWAS) თავმჯდომარის გარდამავალი სტატუსი აქვს. ECOWAS-მა ნიგერს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და კვირას, 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

ორგანიზაციის 15 წევრი სახელმწიფოს მიერ ნიგერისთვის დაწესებული სანქციები საზღვრების ჩაკეტვას და ქვეყანასთან ყველა სახის ფინანსური და კომერციული ურთიერთობის შეჩერებას მოიცავს.

გარდა ამისა, ECOWAS-მა ნიგერში ყოფილი ნიგერიელი ლიდერის, აბდულსალამი აბუბაქარის ხელმძღვანელობით გაგზავნა დელეგაცია, რომელმაც ხუნტას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა გუნდმა ნიგერი ხუნტის ლიდერთან, გენერალ აბდურაჰმან ტჩიანისთან შეხვედრის გარეშე დატოვა.

ტჩიანიმ თქვა, რომ ბაზუმის ძალაუფლებაში დასაბრუნებლად ხუნტაზე დაწყებულ ზეწოლას არ დაემორჩილება, რეგიონის ქვეყნების სანქციებს "არალეგალური" და "არაადამიანური" უწოდა და თანამემამულეებს ქვეყნის დაცვისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

ECOWAS-ი ბოლო ორი წლის განმავლობაში წევრ სახელმწიფოებში დემოკრატიულ უკუსვლას აშკარად ვერ უმკლავდება. გასულ წლებში სამხედროებმა ძალაუფლება ხელში აიღეს მალიში, ბურკინა ფასოსა და გვინეაში. სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო გვინეა-ბისაუშიც.

აღსანიშნავია, რომ ნიგერია, რომელიც დასავლეთ აფრიკის მთავარი სამხედრო ძალაა, ნიგერში რეგიონის სახელმწიფოთა სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.


27 ივლისს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გადატრიალების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათი შეძახილებიდან ჩანდა, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მხარდამჭერებიც იყვნენ და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ. შემდეგ მათ დაწვეს მანქანები და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

აჯანყებულებთან მოლაპარაკებებში ჩართული არის საფრანგეთი და ნიგერიაც.

2020 წლის შემდეგ ეს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკის რეგიონში მომხდარი მეშვიდე სამხედრო გადატრიალებაა და შესაძლოა დასავლეთს გაურთულოს საჰელის რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა ჯიჰადიზმთან ბრძოლაში.

ამას გარდა, ნიგერი ევროკავშირისთვის იყო მნიშვნელოვანი მოკავშირე სუბსაჰარული აფრიკიდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაში. გასულ წელს საფრანგეთმა სამხედროები ნიგერიდან მალიში გადაიყვანა, როცა შუალედურ მთავრობასთან ურთიერთობა გაურთულდათ. მსგავსი დაძაბულობის დროს მათ ძალები ბურკინა ფასოდანაც გამოიყვანეს.

ნიგერი 1960 წლამდე 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ორ ქვეყანას მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებდა. ნიგერში ბევრი თვლის, რომ საფრანგეთი 1960 წლის შემდეგაც აგრძელებდა იმპერიული მიდგომებით მოქმედებას, ქვეყნის რესურსებს თავის სასარგებლოდ იყენებდა და მის ეკონომიკურ პოლიტიკასაც განსაზღვრავდა.

ნიგერში სამხედრო გადატრიალების მხარდამჭერი დემონსტრანტები საფრანგეთის საელჩოსთან 31 ივლისსაც შეიკრიბნენ და ქვეყანაში პარიზის გავლენის გაპროტესტებასთან ერთად მოსკოვის მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

დემონსტრანტების ნაწილმა საელჩოს საინფორმაციო დაფა ჩამოხსნა, ზედ ფეხებით შედგა და მის ადგილას რუსეთისა და ნიგერის დროშები ჩამოკიდა. გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები საელჩოსთან ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ.

1 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიფრანგული განწყობების გამო პარიზი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება.

მას შემდეგ რაც ნიგერმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ეს უკვე მეოთხე სამხედრო გადატრიალებაა. ბაზუმი იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

ანტიფრანგული და პრორუსული მოძრაობები რეგიონში ახალი არ არის და იგივე პროცესები ბოლო წლებში ბურკინა ფასოსა და საჰელის რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობდა.

კომენტარები