ნიდერლანდების ახალმა პრემიერმინისტრმა, დიკ სხოფმა კაბინეტის ყოველკვირეულ შეხვედრებზე მობილური ტელეფონებისა და სხვა ტიპის მობილური მოწყობილობების შეტანა აკრძალა, რათა ჯაშუშების მიერ შეხვედრების მოსმენის საფრთხე შემცირდეს.
"ჯაშუშობის საფრთხე მარადიულია. ელექტრონული მოწყობილობები, ტელეფონი, iPad-ი, ყოველივე ეს პატარა მიკროფონია და ქვეყნები დაინტერესებული არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესით ნიდერლანდებშიც კი და გვინდა, რომ ამას ხელი შევუშალოთ. ძალიან მარტივი ზომაა - ყველა ტელეფონი სეიფში". - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დიკ სხოფმა, რომელიც ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარეა.
სხოფის წინამორბედის, მარკ რუტეს თანამდებობაზე ყოფნის დროს შეხვედრებზე ტელეფონები აკრძალული არ იყო. თუმცა, ახალმა პრემიერმა, რომლის მთავრობაც ხელისუფლებაში ივლისში მოვიდა, განაცხადა, რომ ეს ზომა მის ყოფილი სამუშაო ადგილზე დაყრდნობით მიიღო.
მისი თქმით, "მგონი მე ოდნავ მეტი გამოცდილება მაქვს ასეთ საკითხებზე, შესაბამისად ჩემთვის ეს სრულად ბუნებრივი ზომაა, და როგორც აღმოჩნდა, კაბინეტის ყველა წევრი მაშინვე დამეთანხმა".
ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მიმდინარე ხელმძღვანელმა, ერიკ აკერბუმმა წინა წელს ჩინეთიდან მომდინარე ჯაშუშობის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ სექტორში. აკერბუმის თქმით, "ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ, რომ ისინი ნიდერლანდებიდან ამის მოპარვას ცდილობენ".