ნიდერლანდები

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სანქცირებაზე უთანხმოების გამო გადადგა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი
armradio.de

ნიდერლანდების დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა თანამდებობა დატოვა. პოსტის ნაადრევად დატოვების მიზეზად ველდკამპი ისრაელის მიმართ კაბინეტის პოზიციას ასახელებს. 

მისი თქმით, მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ღაზაში არსებული ვითარების გამო ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას. 

"მე შევნიშნე, რომ კაბინეტში დამატებითი ზომების მიმართ წინააღმდეგობა იყო" – ამბობს ველდკამპი. 

ნიდერლანდების მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც 3 ივნისს ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) კოალიცია დატოვა. ვილდერსის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერმინისტრი დიკ სხოფი გადადგა. 

ნიდერლანდების ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლიდან 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც კოალიცია უთანხმოების გამო დაიშალა. ვილდერსი კოალიციის დანარჩენი 3 წევრი პარტიისგან 10-პუნქტიანი ანტისაიმიგრაციო გეგმის ხელმოწერას მოითხოვდა. პარტიებმა აღნიშნულზე უარი განაცხადეს. 

კოალიციის დაშლის შემდეგ ქვეყანას დროებითი კაბინეტი მართავდა, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები