ნიდერლანდები

როტერდამის მუზეუმში ბავშვმა როთკოს €50 მილიონამდე ღირებულების ნახატი დააზიანა

როთკოს ნახატი "ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ბორდოსფერი, No. 8"
Aad Hoogendoorn/Museum Boijmans Van Beuningen

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის მუზეუმში ბავშვმა ამერიკელი მხატვრის, მარკ როთკოს ნახატი დააზიანა, რომლის ღირებულებაც ათეულობით მილიონ ევროს აღწევს.

აბსტრაქტული ნამუშევარი, სახელად "ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ბორდოსფერი, No. 8" როტერდამის ბოიმანსის მუზეუმის გვერდით მდებარე ბოიმანსის საწყობში იყო გამოფენილი, სადაც ხალხს ნახატების დათვალიერების საშუალებას აძლევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნამუშევარი "ზედაპირულად დაზიანდა". მუზეუმის წარმომადგენელმა Sky News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვი "ნახატს შეეხო, როდესაც ის გამოფენილი იყო". მან დაამატა, რომ "შედეგად, მცირე ზომის ნაკაწრები შეიმჩნევა ნახატის გაულაქავი საღებავის შრეზე, მის ქვედა ნაწილში".

მუზეუმს არ გაუმჟღავნებია, თუ რა ღირებულებისაა ნამუშევარი ან რა დაჯდება სარესტავრაციო სამუშაოები, თუმცა სამი წლის წინ ცნობილი ნიდერლანდელი კოლექციონერის, ბერტ კრუკის გამოთვლით, აღნიშნული ნახატის ღირებულება შესაძლოა, €40-€50 მილიონამდე იყოს.

მხატვარი როთკო 1903 წელს რუსეთის იმპერიაში, დღევანდელ ლატვიაში, დაიბადა, თუმცა ქვეყნის დატოვება ბავშვობაშივე მოუწია. მისი არაერთი ნამუშევრის ღირებულება ათეულობით მილიონობით დოლარს აღწევს.

როთკოს 1958 წლის ნახატი, სახელად "შავი ბორდოსფერზე" 2012 წელს ლონდონში განზრახ დააზიანეს, ხოლო ინციდენტზე პასუხისმგებელ პირს, ვლოდზიმეჟ უმანიეცს ნახატის დაზიანებისთვის 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესის დროს მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ ნამუშევრის აღდგენის სამუშაოების ღირებულება £200 000-ს მიაღწევდა. ნამუშევრის აღდგენას 18 თვე დასჭირდა.

კომენტარები