ნიდერლანდები

ნიდერლანდების მთავრობა დაიშალა მას შემდეგ, რაც კოალიცია ულტრამემარჯვენე პარტიამ დატოვა

(AP Photo/Peter Dejong)

ნიდერლანდების მთავრობა დაიშალა მას შემდეგ, რაც კოალიცია დატოვა ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV). ვილდერსის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერმინისტრმა დიკ სხოფმა თანამდებობა დატოვა.

სხოფი ახალი არჩევნების დანიშვნამდე პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. მან ვილდერსის ქმედებებს "უპასუხისმგებლო და არასაჭირო" უწოდა.

ვილდერსმა კოალიცია საემიგრაციო პოლიტიკაზე უთანხმოების გამო დატოვა. 11 თვის განმავლობაში ის ამბობდა, რომ კოალიციის დანარჩენი სამი პარტია უარს ამბობდა მხარი დაეჭირათ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების იმ ზომებისთვის, რომლებიც ვილდერს სურდა. 

ნიდერლანდების კოალიციური მთავრობა შედგებოდა ოთხი პარტიისგან:  ვილდერსის ულტრამემარჯვენე PVV-სგან, პოპულისტური ფერმერ-მოქალაქეთა მოძრაობისგან (BBB), ცენტრისტების ახალი სოციალური კონტრაქტისგან (NSC) და ლიბერალური თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიისგან (VVD). 3 ივნისს ეს პარტიები განიხილავდნენ ვილდერსის მოწოდებებს საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათ თანხმობას ვერ მიაღწიეს.

"PVV ამომრჩევლებს თავშესაფრის უმკაცრეს პოლიტიკას დაჰპირდა, თავშესაფრის მძებნელთათვის საზღვრის ჩაკეტვის ჩათვლით... მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვთქვა: ჩვენ ამ კაბინეტის მხარდაჭერას ვწყვეტთ". - თქვა ვილდერსმა 3 ივნისს.

კომენტარები