მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ნიდერლანდების მთავრობამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ჩანიშნა.
ნიდერლანდების მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც 3 ივნისს ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) კოალიცია დატოვა. ვილდერსის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერმინისტრი დიკ სხოფი გადადგა.
ნიდერლანდების ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლიდან 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც კოალიცია უთანხმოების გამო დაიშალა. ვილდერსი კოალიციის დანარჩენი 3 წევრი პარტიისგან 10-პუნქტიანი ანტისაიმიგრაციო გეგმის ხელმოწერას მოითხოვდა. პარტიებმა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.
ანტისაიმიგრაციო გეგმაში გაწერილ მკაცრ ზომებს შორის იყო ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო პოლიციის განლაგება, შესასვლელ პუნქტებში თავშესაფრის ნებისმიერი მაძიებლისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, ლეგალური ლტოლვილებისთვის ოჯახებთან გაერთიანების პროცესის შეჩერება და დროებითი ვიზების მქონე სირიელი იმიგრანტების დეპორტაცია.
"PVV ამომრჩევლებს თავშესაფრის უმკაცრეს პოლიტიკას დაჰპირდა, თავშესაფრის მძებნელთათვის საზღვრის ჩაკეტვის ჩათვლით... მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვთქვა: ჩვენ ამ კაბინეტის მხარდაჭერას ვწყვეტთ". - თქვა ვილდერსმა 3 ივნისს.
4 პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რომელიც 2023 წლის ნოემბრის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ შეიკრა, ვილდერსის პარტიას სხვა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებთან აერთიანებდა, რომელთა ლიდერის დიკ სხოფი, აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი და უფრო ადრე ნიდერლანდების დაზვერვის უფროსი იყო.
კოალიციური მთავრობა შედგებოდა შემდეგი პარტიებისაგან: ვილდერსის ულტრამემარჯვენე PVV-სგან, პოპულისტური ფერმერ-მოქალაქეთა მოძრაობისგან (BBB), ცენტრისტების ახალი სოციალური კონტრაქტისგან (NSC) და ლიბერალური თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიისგან (VVD).
როგორც Euractiv წერს, ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ვილდერსის პარტია პოპულარობის შემცირებას განიცდის, თუმცა, ამის მიუხედავად, ნიდერლანდების პარლამენტში კვლავაც ყველაზე დიდ პარტიად რჩება.
ამავე გამოცემის ცნობით, სხოფი ოქტომბრის არჩევნებამდე, რომლის შედეგადაც ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, დროებითი მთავრობის წინამძღოლობას გააგრძელებს.





