რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ივნისში, მოსკოვში გამართული სამიტის შემდეგ, მოსკოვმა გადაწყვიტა, ფხენიანს საჩუქარი გადასცეს.
როსელხოზნადზორის (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) ინფორმაციით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას 447 თხას გაუგზავნის.
"ვეტერინარული შემოწმების შემდეგ 432 არამაკე მდედრი და 15 მამრი თხა ჩრდილოეთ კორეაში გაიგზავნება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცოცხალი პირუტყვის პირველი პარტიაა, რომელიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში იქნება ექსპორტირებული" - აღნიშნულია როსელხოზნადზორის პრესრელიზში.
თხები რუსეთის ლენინგრადის რეგიონიდან ჩრდილოეთ კორეის ქალაქ რასონში გაემგზავრებიან.
ცნობისთვის, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მჭიდრო მოკავშირეები არიან, განსაკუთრებით, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ფხენიანს ხშირად, ღიად გამოუცხადებია რუსეთისადმი მხარდაჭერა უკრაინასთან ომში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს ორივე ქვეყანა უარყოფს, ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კრემლისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ. სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინის ოლქებზე რუსეთმა იერიში, სხვა რაკეტებთან ერთად, სწორედ ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტებითაც მიიტანა.
ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ბოლოდროინდელი ვიზიტისას, ორმა დიქტატორმა ერთობლივად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მათ ავალდებულებს, "ერთმანეთს ურთიერთდახმარება გაუწიონ ერთ-ერთის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის შემთხვევაში". ხელშეკრულება ითვალისწინებს რეჟიმთა თანამშრომლობას ისეთ სფეროებშიც, როგორებიცაა განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.