11 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთმა კიევის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად დაიღუპა 35 წლის მამაკაცი და მისი 4 წლის შვილი. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის, 13 წლის მოზარდი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებოს სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური ტელეგრამზე ავრცელებს.
მამა-შვილი რუსეთის მიერ ქალაქ ბროვარში, კერძო სახლებზე ჩამოგდებულმა რაკეტამ იმსხვერპლა. ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ, როდესაც სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასევე წერს, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსებმა იერიშისას ჩრდილოეთ კორეული რაკეტები გამოიყენეს. ამის დასადგენად შესაბამისმა სამსახურებს მუშაობა უკვე დაიწყეს.
როგორც დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Moscow Times წერს, უკრაინაში ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, კურსკში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმები განახორციელოს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





