რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

სერგეი ლავროვი "სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში ჩრდილოეთ კორეაში ჩადის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავა. ბოლო ერთ თვეში ეს რუსეთის მაღალჩინოსნის მესამე ვიზიტი იქნება ჩრდილოეთ კორეაში. ივნისში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ორჯერ იმყოფებოდა ფხენიანში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ლავროვი 11-13 ივლისს ფხენიანში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდისთვის ჩადის. ჯერჯერობით უცნობია ვის შეხვდება ლავროვი და რა საკითხები იქნება განხილული.

26 ივნისს, სამხრეთ კორეის მედიამ დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში, უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად დამატებით ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს.

ლავროვამდე ჩრდილოეთ კორეაში სერგეი შოიგუ უკვე ბოლო 1 თვეში ორჯერ ჩავიდა. შოიგუ ფხენიანში გახშირებულ ვიზიტებს უკავშირებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა 2024 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კურსკის აღსადგენად რუსეთის ოლქში 1 000 მესანგრეს და 5 000 სამხედრო მუშას გაგზავნის.

შოიგუს მიხედვით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა გეგმავენ კურსკში დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებისთვის მიძღვნილი მემორიალების დადგმას.

მანამდე, 4 ივნისს, შოიგუ ფხენიანში ვიზიტის დროს კიმ ჩენ ინს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა "უპირობო მხარდაჭერას" გაუწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 5 ივნისს გაავრცელა. 

სამთავრობო მედია KCNA-ს მიხედვით, შეხვედრაზე კიმმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეა "უპირობოდ უჭერს მხარს რუსეთის პოზიციას და მის საგარეო პოლიტიკას ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, მათ შორის, უკრაინის საკითხშიც". 

ჩრდილოკორეული მედიის მიხედვით, შოიგუმ და კიმმა ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული პარტნიორობის" გაძლიერებაზე ილაპარაკეს და უკრაინის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს. 

თავის მხრივ, რუსეთის სამთავრობო მედია TASS-მა დაწერა, რომ შოიგუმ და კიმმა ასევე განიხილეს კურსკის ოლქის აღდგენის გეგმები და განსაზღვრეს შესაბამისი ნაბიჯები კურსკში ჩრდილოკორეელი სამხედროების დამსახურების აღსანიშნავად.

რუსულმა მხარემ 2025 წლის აპრილში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს, თუმცა უკრაინის თქმით, კურსკში სამხედროები კვლავ იმყოფებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ 31 მაისს გაიმეორა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ტერიტორიებს კვლავ აკონტროლებენ. 

ორი ქვეყანა ერთმანეთთან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდა.  ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ. 

30 აპრილს სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რუსეთის მხარეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული, ხოლო დაღუპულების ჩათვლით, ჯამში 4700 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა.

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 000-12 000 სამხედრო გაგზავნა, თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა - მარტში სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა დაახლოებით 15 000 პირი, რომლებიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამების საფუძველზე დასაქმდებიან.

 

 

კომენტარები