რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობს, ფხენიანში კორეის კომუნისტური პარტიის დაარსების მე-80 იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
რუსული მედიის ცნობით, მედვედევი 10 ოქტომბერს სამხედრო აღლუმსა და ოფიციალურ ცერემონიებს დაესწრება.
მედიის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის, მაღალი თანამდებობის პირები და რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მუშაობენ.
კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ მისალოც გზავნილში მედვედევმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა დასავლურ "ნეოკოლონიალურ ჩარევებს" ერთობლივად დაუპირისპირდება.
სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ფხენიანში ასევე რუსი მომღერალი შამანი და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ.
ცნობისთვის 1945 წლის 10 ოქტომბერს კორეის კომუნისტური პარტია დაარსდა, რომელიც მალევე 1946 წელს დაიშალა, თუმცა ეს თარიღი ჩრდილოეთ კორეაში დიდ დღესასწაულად ითვლება. ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტია - კორეის შრომის პარტია 1949 წელს დაარსდა.





